კარლო ბარბაქაძის საიუბილეო 90-წლისთავი
სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, სამეცნიერო საბჭო და კოლექტივი დიდი პატივისცემით გულითადად გილოცავთ თქვენ, ღვაწლმოსილ მეცნიერსა და ტექნოლოგს, ინსტიტუტის არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს სახელოვან 90 წლის იუბილეს!

თქვენ ბრძანდებით გამორჩეული მეცნიერი-მკვლევარი ნახევარგამტარულ მასალათმცოდნეობასა და ნახევარგამტარული თერმოელექტრული ხელსაწყოთმშენებლობის დარგში. თქვენ ერთერთმა პირველმა გადაწყვიტეთ თერმოელექტრული n- და p-ტიპის სილიციუმ-გერმანიუმის შენადნობების მაღალი რესურსის ომური კონტაქტების დამუშავების პრობლემა, რაც საფუძვლად დაედო მაღალეფექტური მაღალ ტემპერატურებზე მომუშავე თერმოელექტრული გენერატორების შექმნასა და პრაქტიკულ გამოყენებას.

ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის წამყვანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი საქვეყნოდ აღიარებული თერმოელექტრული გარდამქმნელების „რომაშკა“-სა და „ბუკ“-ის შექმნაში.

თქვენ უკანასკნელ წლებში ქ. თბილისის პირობებში შექმენით ტექნოლოგიური ხაზი (მარშრუტი) სილიციუმ-გერმანიუმის შენადნობების საფუძველზე სხვადასხვა  სიმძლავრის თერმოელექტრული გენერატორების შესაქმნელად. ამჟამად წარმატებით ახორციელებთ ფართო მოხმარების თერმოელექტრული დენის წყაროების შექმნის სამუშაოებს, რაც წარმოადგენს მეტად აქტუალურ პრობლემას არატრადიციული ენერგეტიკის დარგში.

თქვენს მიერ მეცნიერებასა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის დაუღალავი შრომა სამაგალითოა ახალი თაობისთვის. აღსანიშნავია, რომ თქვენი მოღვაწეობა მთლიანად სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტთანაა დაკავშირებული და მის ისტორიაში ღირსეული ადგილი გიჭირავთ.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადებიდან 90 წლისთავს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ გამარჯვებებს შემოქმედებით საქმიანობაში!
 
01.10.2024