მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი ZEISS Sigma 300 VP

 ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მიერ შეძენილი იქნა გერმანული წარმოების მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი ZEISS Sigma 300VP. აღნიშნული მიკროსკოპი იძლევა შესაძლებლობას მასზე ჩატარებული იქნეს უნიკალური კვლევები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებით.
მიკროსკოპის გამადიდებლობა შეადგენს x100000, რაც ნანოზომის ობიექტების დანახვასა  და მყარი მასალების ზედაპირის დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. გარდა  ამისა, მიკროსკოპი აღჭურვილია ენერგოდისპერსული სპექტრომეტრით, რაც მასალის შედგენილობის 0.1 ატ. % სიზუსტით შესწავლის საშუალებას იძლევა. მიკროსკოპის მეშვეობით შესაძლებელია გამტარი და დიელექტრიკული ნიმუშების შესწავლა, რომლებიც შეიძლება მყარი ობიექტის, ან ფხვნილის სახით იყოს დამზადებული. შედგენილობის ანალიზი შესაძლებელია ჩატარდეს  ელემენტებისთვის დაწყებული ბორიდან ურანის ჩათვლით.

მიკროსკოპის გამოყენების სფერო ძალზე ფართოა, რომელთაგან ძირითადს მასალათმცოდნეობითი სფერო წარმოადგენს.  კვლევები მოიცავს, მეტალურგიული, სამშენებლო, სამედიცინო, მიკროელექტრონული, გეოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური აგრარული, კვების მრეწველობისა და სხვ. მასალებს. მათი შედგენილობის, მორფოლოგიისა და ტოპოგრაფიის კვლევას.

ცალკე გამოვყოფთ მასკანირებელი მიკროსკოპის გამოყენებას კრიმინალისტიკურ ექსპერტიზაში და საბაჟო საქმეში. ამ მიმართულებით შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალის ანალიზი, იუველირული ნაწარმის ექსპერტიზა, ტყვიის მასრის მეშვეობით იარაღის იდენტიფიცირება, ხელნაწერებისა და ნაბეჭდები ტექსტების ანალიზი, ყალბი ფულის ნიშნების და ხელოვნების ნიმუშების კვლევა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ფრაგმენტების იდენტიფიკაცია  და სხვ.

10.06.2024