გურამ ბოკუჩავა

   გარდაიცვალა საინჟინრო ფიზიკისა და ტექნოლოგიების მეცნიერების ცნობილი ორგანიზატორი - სსიპ სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიური დოქტორი - გურამ ბოკუჩავა.

  
   გურამ ბოკუჩავას ხანგრძლივი სამეცნიერო და ორგანიზატორული მოღვაწეობა 1972 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაკავშირებული იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტთან, სადაც ეტაპობრივად განვლო ყველა საფეხური (გამოთვლითი ტექნიკის ლაბორატორიის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი). 1991 წელს ის დაინიშნა შპს „მიზანი“-ს დირექტორად, რომელიც ინსტიტუტში კურირებდა კოსმოსური რადიოელექტრონული  მიმართულებას. ჩვენი ქვეყნის ავბედობის ჟამს მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ინსტიტუტში დაიწყო სამხედრო დანიშნულების რადიოელექტრონული, დისტანციური მართვის სისტემების წარმოება ქართული ჯარისათვის. 2002-2005 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 2005 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ინსტიტუტის დირექტორი.
   გურამ ბოკუჩავას ხელმძღვანელობითა და აქტიური მოღვაწეობით ინსტიტუტში განხორციელდა ღრმა ცვლილებები თანამედროვე მოთხოვნებით განპირობებული ტრადიციული სამეცნიერო-ტექნოლოგიური და სრულიად ახალი დარგების აღორძინებისა და შექმნის მიმართულებით. ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თავდაცვის პრობლემებზე ორიენტირებული რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა და სისტემატექნიკის განყოფილება (კვანტური რადიოფიზიკა, ლაზერული, ელექტრული და ელექტრონული სისტემები) ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორია, ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორია და სხვა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში პირველად მის მიერ შეიქმნა თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით აღჭურვილი რადიაციული კვლევებისა და კომპოზიციური მასალების სინთეზის ფუნქციური უბნები. 
   აღსანიშნავია მისი დიდი ძალისხმევა სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ახალი აქტუალური პროექტების მოზიდვაში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ინსტიტუტში განხორციელდა 40-ზე მეტი პროექტი, მათ შორის 10-ზე მეტი მისი უშუალო ხელმძღვანელობით, რითაც მან დამსახურებლად მოიპოვა მაღალი დონის საერთაშორისო აღიარება.
100-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 70-მდე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფორუმში მონაწილეობა ნათლად ასახავს გურამ ბოკუჩავას მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში თანამედროვე ეტაპზე ნახევარგამტარული მიკრო და ოპტოელექტრონული ხელსაწყო-მოწყობილობების შექმნის ტექნოლოგიების ოპტიმიზაციასა და განვითარებაში, ახალი მეცნიერული შედეგების მიღწევასა და
პრაქტიკულ რეალიზებაში.
   აღსანიშნავია მისი დიდი წვლილი თერმოელექტრული სილიციუმ-გერმანიუმის სისტემის შენადნობების რადიაციული მედეგობის, მოცულობითი სილიციუმ- გერმანიუმის კრისტალების ტექნოლოგიური ბაზის შექმნასა და კომპლექსური კვლევების განხორციელებაში.
   გურამ ბოკუჩავამ თავდადებული შრომითა და მოყვასის გულისხმიერი თანადგომით დაიმსახურა ინსტიტუტის კოლექტივის, კოლეგებისა და მეგობრების ღრმა პატივისცემა და სიყვარული.
   ბატონ გურამ ბოკუჩავას ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება მისი კოლეგებისა და თანამშრომელთა მეხსიერებაში.
 
სამოქალაქო პანაშვიდი: 7-9 აგვისტო, 2023 წ.
მარიჯანის ქ. #4 (სად. I, სართ. VIII)
გამოსვენება: 10 აგვისტო, 2023 წ., 14:00
წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის
ეკლესიიდან (ასათიანის #10)
 
სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა სახელით
ინსტიტუტის დირექცია