ზურაბ ხონელიძის საიუბილეო 60-წლისთავი
 

alt


ღრმად პატივცემულო ბატონო ზურაბ, 
 
სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, სამეცნიერო საბჭო და კოლექტივი გულითადად გილოცავთ თქვენს საიუბილეო 60-წლისთავს!

თქვენ ბრძანდებით გამოჩენილი მეცნიერი და სამეცნიერო წრეებში აღიარებული დიდი ისტორიკოსი. მინიჭებული გაქვთ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. ბრძანდებით პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო დარგობრივი სამეცნიერო აკადემიების საპატიო წევრი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  

თქვენი მოღვაწეობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთლიანად მიმართულია უნივერსიტეტის აღმშენებლობის, განვითარებისა და წინსვლისაკენ. მიუხედავად სირთულეებისა, გატარებული რეფორმების საფუძველზე, თქვენ შეძელით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობადობისა და ხილვადობის ამაღლება მსოფლიო მასშტაბით. უშუალოდ თქვენი დამსახურებაა, ბოლო წლებში სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უშუალოდ თქვენი მხარდაჭერით ამაღლდა სტუდენტთა მოტივაცია.
 
თქვენი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით, აანალიზებს თანამედროვე, უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის როლს საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების რეგულირების პროცესში. მონოგრაფიაში, დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, შემოთავაზებულია ახალი ხედვა - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.
 
მონოგრაფია აღიარებულია და პასუხობს ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების ინტერესებს საქართველოსადმი. თქვენ გაანალიზებული გაქვთ როგორ მოხერხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საამისოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთაურობით. ეს არის ამ წიგნის მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი. 

აღსანიშნავია თქვენი დიდი ღვაწლი ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდის საქმეში, თქვენი უშუალო მენტორობით, მათთან მუშაობით და პირადი საუბრებით ხელს უწყობთ მრავალი ახალგაზრდის  პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, მათი კვალიფიკაციის ზრდას.

ღრმად გვწამს, რომ თქვენ კვლავაც განაგრძობთ ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ჩვეულ სიცოცხლით სავსე მრავალმხრივ ნაყოფიერ შემოქმედებით დღეგრძელობას! 
 
 
ღრმა პატივისცემით,

ეკატერინე სანაია
 
ინსტიტუტის დირექტორი


01.12.2023