ისტორია

ინსტიტუტის დაფუძნების ისტორია

(1945-1955)

 

 

სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (სფტი) შეიქმნა 1950 წელს, 1945 წელს დაფუძნებული  ორი მკაცრად გასაიდუმლოებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  (“A“ და ”Г”) შერწყმით. ამ ორი ინსტიტუტის საქმიანობა 1945-1949 წლებში დაკავშირებული იყო ყოფილი სსრკ-ს მიერ ატომური ბომბის შექმნის ტექნოლოგიებთან. აღნიშნული ინსტიტუტების ხელმძღვანელები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი გერმანელი მეცნიერები პროფესორი მანფრედ ფონ არდენე  და ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორი გუსტავ ჰერცი. მათთან ერთად მუშაობდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები: მ. სტეინბეკი, პ. ტისენი, ჰ. ბარვიხი, მ.ფოლმერი, ვ.შუტცე, ნ.რილი, რ.დოეპელი და სხვები.


სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის “A“ (ხელმძღვანელი მანფრედ ფონ არდენე) ძირითად ამოცანებს  წარმოადგენდა:

• ურანის იზოტოპების განცალკევების ელექტრომაგნიტური მეთოდის დამუშავება და მძიმე მეტალების მასსპექტრომეტრია.

• მუშაობა ელექტრონული მიკროსკოპების სრულყოფაზე და მონაწილეობა მათი წარმოების ორგანიზებაში.

• ბირთვული კვლევებისათვის დამხმარე აპარატურის დამუშავება.

• იზოტოპების განცალკევების დიფუზური მეთოდის დამუშავება.


ხოლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის “Г“ (ხელმძღვანელი გუსტავ ლუდვიგ ჰერცი) მთავარ ამოცანას წარმოადგენდა:

• ურანის იზოტოპების განცალკევების მეთოდების დამუშავება;

• მძიმე წყლის მიღების მეთოდების დამუშავება;

• მცირე გამდიდრების ურანის იზოტოპების ანალიზის მეთოდების დამუშავება;

• ნეიტრონების ენერგიის განსაზღვრის ზუსტი მეთოდიკის დადგენა.


სფტი-ში  ჩამოყალიბდა რამდენიმე ლაბორატორია:

-იზოტოპების გრავიტაციული მეთოდით განცალკევების ლაბორატორია (ხელმძღვანელი  მ.არდენე)

- ფიზიკური ქიმიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი პროფ. პიტერ ტისენი);

- ცენტრიფუგით იზოტოპების განცალკევების ლაბორატორია (ხელმძღვანელი დოქტორი მ. სტეინბეკი)

-გამხსნელის ფირში დიფუზიით იზოტოპების განცალკევების ლაბორატორია (ხელმძღვანელი ფიზ.მათ.მეცნ. კანდიდატი დ.პ.ანდრეევი)

- ცოცხალ ორგანიზმზე რადიოაქტიური გამოსხივების გავლენის შემსწავლელი ლაბორატორია (ხელმძღვანელი დოქტორი ვ.მენკე)

- მასსპექტრომეტრიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი დოქტორი შუტცე)

- ორთქლის ნაკადის საპირისპიროდ სუბლიმატის დიფუზიის მეთოდით იზოტოპების განცალკევების ლაბორატორია (ხელმძღვანელი დოქტორი გუსტავ ჰერცი)

- კოროზიის საკითხების ლაბორატორია (ხელმძღვანელი  ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი ვ.ა.კარჟავინი)

- კერამიკული მილისებრი ფილტრების ლაბორატორია (ხელმძღვანელი ვ.ნ.ერმინი)

- გამზომი ტექნიკის ლაბორატორია (ხელმძღვანელი დოქტორი ჰარტმანი).


1948-1949 წწ. სოხუმის ობიექტებისადმი მიცემული დავალებები სრულად იყო შესრულებული და დანერგილი სსრკ სხვადასხვა საწარმოში.

1949 წ.  აგვისტოში სსრკ-ში პირველი ატომური ბომბის წარმატებული გამოცდის შემდეგ დაიწყო გერმანელი მეცნიერების საიდუმლო სამუშაოებიდან ეტაპობრივი გამოყვანა და ღია სახის სამუშაოებზე გადაყვანა.

1955-1958 წწ. გერმანელი სპეციალისტები თანადათანობით დაბრუნდნენ სამშობლოში,  მაგრამ საქართველოში დარჩა ინსტიტუტი - სფტი,  აღჭურვილი იმ დროისათვის სსრკ-ში საუკეთესო ხელსაწყო-დანადგარებით და დაკომპლექტებული,  გერმანელი მეცნიერების მიერ აღზრდილი საუკეთესო კადრებით, რომლებსაც სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მდიდარი გამოცდილება ჰქონდათ მიღებული და რომლებმაც შემდგომში დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში. იხილეთ  ვრცლად...


განვითარების შემდეგი ეტაპი

(1956-1993)


მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად ინსტიტუტის საქმიანობაში გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიმართულებები:

• პლაზმის ფიზიკა:
კვაზისტაციონარული პროცესები
იმპულსური პროცესები
ღია ჩამჭერი
პლაზმური ფოკუსი

•მაღალდენიანი ელექტრონებისა და იონების ინჟექტორებისა და ამაჩქარებლების ფიზიკა და ტექნიკა

•მყარი სხეულების ფიზიკა

•თერმოელექტრობა

•თერმოემისია

•ხელსაწყოთმშენებლობა.  იხილეთ  ვრცლად...


სფტი თბილისში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სფტი 1993 წლის დეკემბერში თბილისში დაფუძნდა.
1991-2005 წლებში ინსტიტუტი იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2001-2005 წლებში სფტი-ს ხელმძღვანელობდა თერმოემისიური გარდამქმნელების ფიზიკის ცნობილი სპეციალისტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალტერ გიორგის ძე კაშია. იმ წლებში სფტი-მ განაახლა კავშირები ყოფილი სსრკ-ს წამყვან სპეციალისტებთან, სადაც მიმდინარეობდა ერთობლივი სამუშაოები თერმოემისიური გარდამქმნელების ფიზიკაში და თერმოემისიურ რეაქტორ-გარდამქმნელების რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში.
2006 წლიდან სფტი-ს ხელმძღვანელობს დოქტორი გურამ ვარლამის ძე ბოკუჩავა. ამავე წლიდან სფტი-ში განხორციელდა სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების შექმნა, გაიზარდა ინსტიტუტის ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში.
2006 წელს ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.
ამჟამად ინსტიტუტის კომპეტენცია მოიცავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აქტუალური პრობლემების ფართო სპექტრს:
•ბირთვული ფიზიკა, რადიაციული მასალათმცოდნეობა და ტექნოლოგიები;
• მყარი სხეულების ფიზიკა, ნახევარგამტარებისა და ზეგამტარების ფიზიკა;
• ნახევარგამტარული, თერმოელექტრული და ოპტოელექტრონული ხელსაწყოთმშენებლობა;
• კვანტური რადიოფიზიკა, ლაზერული, ელექტრული და ელექტრონული სისტემები;
• კრიოგენული ტექნიკა და ტექნოლოგიები, ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები;
• ქიმიური ტექნოლოგიები ახალი პოლიმერული კომპოზიტებისა და კერამიკული მასალების მისაღებად (მათ შორის ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე);
• ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის რადიოაქტიური დაბინძურების კვლევის მონიტორინგის და დაბინძურების გაუვრცელებლობის და შემცირების მეთოდები;
• საექსპერტო სამუშაოები.  იხილეთ  ვრცლად...

საკონტაქტო ინფორმაცია

მინდელის ქ.7, თბილისი,0186, საქართველო
+(995 32) 2320960
+(995 32) 2320961