



საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების უბადლო ორგანიზატორის, ფიზიკა-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის რევაზ სალუქვაძის დაბადებიდან 90 წლისთავს.
საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მოხსენება - აკადემიკოს რევაზ სალუქვაძის ღირსეულად განვლილი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა - გააკეთა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორმა გურამ ბოკუჩავამ. სხდომაზე მოგონებებით გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ცინცაძე, ლევან ჯაფარიძე, რამაზ ხუროძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ანზორ ხელაშვილი, პროფესორები ჯემალ ხუბუა, ანზორ გულდამაშვილი, ოთარ ჟორდანია.
ამ ღონისძიებაზე ნათლად წარმოჩნდა
რევაზ სალუქვაძის მასშტაბური წვლილი საქართველოში ელემენტარული
ნაწილაკების და მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის
განვითარებაში, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დაარსებაში.
ამ პერიოდში შესრულებული კვლევათა შედეგებზე (1979წ.) რევაზ
სალუქვაძეს პ. მელიქიშვილის სახელობითი პრემია
მიენიჭა.
1974 წელს რევაზ სალუქვაძე
დაინიშნა პრავალპროფილიანი, მრავალათასიანი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის
ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 26 წლის
განმავლობაში სიცოცხლის ბოლომდე.
ამ პერიოდის განმავლობაში
ინსტიტუტს ჰქონდა შთამბეჭდავი მიღწევები მეცნიერებასა და ახალი
ტექნოლოგიების და ტექნიკის შექმნის საქმეში, რომლებიც ახლა უკვე
საყოველთაოდაა აღიარებული.
ინსტიტუტისთვის ყველაზე
მნიშვნელოვან პრიორიტეტულ პროექტებს პლაზმის ფიზიკაში,
მაღალდენიანი ელექტრონული ამაჩქარებლების შექმნაში, სტრატეგიული
თავდაცვითი ინიციატივის საბჭოურ პროექტს, კოსმოსური დანიშნულების
ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების თემატიკას უშუალოდ
ხელმძღვანელობდა რევაზ სალუქვაძე, იყო რიგი მათგანის სამეცნიერო
ხელმძღვანელი და მთავარი კონსტრუქტორი.
1985 წელს რევაზ
სალუქვაძეს ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად სამუშაოთა ციკლისთვის
«ნანო- და მიკროწამის ხანგრძლივობის სუსტად რელიატივისტური და დიდი
დენების ელექტრონების ამაჩქარებლის დამუშავება» მიენიჭათ
საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მიუხედავად მთელ რიგ თემატიკებზე
ღია პუბლიკაციების შეზღუდვებისა რევაზ სალუქვაძე 120 მაღალი
სამეცნიერო ღირებულების სამეცნიერო ნაშრომისა და 30 გამოგონებისა და
პატენტის ავტორია. მისი ხელმძღვანელობით 20 საკანდიდატო და სადოქტორო
დისერტაციაა დაცული.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,
რომ რევაზ სალუქვაძეს უდავოდ განსაკუთრებული ადგილი უკავია
სოხუმის ინსტიტუტის სახელოვან ისტორიაში. მან მეოთხედ
საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში შეძლო წარმატებით წარემართა
მრავალათასიანი, მრავალეროვანი და რთულპროფილიანი ინსტიტუტის მუშაობა,
ყველა ეტაპზე დროის მოთხოვნის შესაბამისი გაბედული, ოპტიმალური
რეფორმებისა და გარდაქმნების გატარების გზით. ამასთან მან
თანდათანობით შეძლო ქართული სულის დამკვიდრება ინსტიტუტში. მისი
წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, გარდა მეცნიერული ალღოსა და
ორგანიზატორული ტალანტისა, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი იყო,
სუფთა, ღია და რაინდული დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც
უხდებოდა მუშაობა და ურთიერთობა.
ნაადრევად, მაგრამ ვალმოხდილი
წავიდა ჩვენგან ღვაწლმოსილი მეცნიერი და სასიქადულო მამულიშვილი
რევაზ სალუქვაძე, გარდაიცვალა 2000 წლის 22
ოქტომბერს და დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა
პანთეონში.